ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის რემონტის ისტორია

0

აქ ვცხოვრობთ ჩვენ: მარიტა, გიორგი და მე
Photo (29)
ყველაფერი ერთი დიდი მართკუთხედით დაიწყო. მაშინ მივხვდი, რომ თურმე სივრცის აღქმის უნარი არ მქონია. ვიდექი ნაცრისფერი ბლოკით ნაშენებ მართკუთხედ სივრცეში, თავზე სტაფილოსფერი ჩაფხუტი მეფარა, ხელში ჟოლოსფერი ჩანთა მეჭირა და შევყურებდი კედლებს, რომლებიც არაფერს, საერთოდ არაფერს მეუბნებოდნენ. ასე ვიარე ამ ბლოკით ნაშენებ სივრცეში ერთი კვირის მანძილზე. შვიდი დღის თავზე კი წინ წავიწიე და წარმოსახვითი ოთახების ზომვა და მონიშვნა არც მეტი, არც ნაკლები, ნაბიჯებით დავიწყე. აი, აქ, აღმოსავლეთით, ორი საძინებელი თავისუფლად უნდა დაეტიოს. ერთი ჩვენთვის, ერთიც მარიტასთვის (ჩვენი შვილისთვის). ექვსი დიდი ნაბიჯი სიგრძე, ოთხიც სიგანე. მგონი, საკმარისი უნდა იყოს საძინებლებისთვის. ამ მეთოდით მოვნიშნე შემოსასვლელი, სველი წერტილი, ორი სათავსო და აი, დანარჩენი სივრცე, 40 კვადრატული, მისაღებსა და სამზარეულოს, ანუ, სტუდიოს ტიპის დიდ ოთახს დავუთმე.
12823088_1271802572835396_1097368716_o
მთელი ცხოვრება ე.წ. „ხრუშჩოვის“ ტიპის სახლში მაქვს გატარებული, ამიტომ, ახალი სახლის შეძენისას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, სახლში გვქონოდა ისეთი სივრცე, სადაც ერთად მოსული სამი სტუმარი ერთმანეთს არ შეაწუხებდა. ეს მიზანი შესრულებულად მივიჩნიეთ მას შემდეგ, რაც ახალი წლის ღამეს 17 ადამიანს ვუმასპინძლეთ ისე, რომ დანარჩენ 16 სტუმარს არ უწევდა ფეხზე წამოდგომა, თუკი ერთ-ერთი სტუმარი საპირფარეშოში გასვლას გადაწყვეტდა. უი, სად წავედი, ახალი წლის ღამემდე ხომ რემონტი იყო…
Photo (20)
ანუ, ამბავი იმისა, თუ როგორ იქცა ნაცრისფერი ბლოკით ნაშენები მართკუთხედი სივრცე ნამდვილ სახლად. უფრო ზუსტად ბინად, მაგრამ სიტყვა ბინა არ მიყვარს და ამიტომ იყოს სახლი.
როდესაც ჩვენი ახალი კორპუსის სამშენებლო კომპანიამ ტიხრები გაამზადა, ანუ ჩვენივე დაგეგმარებით შესრულებული თეთრი კარკასი ჩაგვაბარა, საქმე ხელოსნების დაქირავებაზე მიდგა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი და გიორგის სამუშაო გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, მივხვდით, რომ სხვადასხვა ხელოსნის ცალ-ცალკე დაქირავება ძალიან დიდ დროსა და ენერგიას წაიღებდა, ამიტომ ვამჯობინეთ სარემონტო კომპანიის მომსახურებით გვესარგებლა. საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე, რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით, შევაჯერეთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები და მათი მომსახურების საფასური და ერთ-ერთ კომპანიაზე შევჩერდით. მათ მიერ შემოთავაზებული დეტალური ხარჯთაღრიცხვა ჩვენთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა.
Photo (15)
Photo (5)
ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც კი შეიძლება რემონტს ახლდეს თან, ეს არის მენეჯმენტი ისეთი სარემონტო მასალების შეძენა-მოტანისა, როგორიცაა მაგალითად, მილები, სადენები, ქვიშა, ცემენტი და ა.შ. ანუ ის, რაც ვიზუალური მასალის ქვეშ ექცევა. სწორედ ეს დისკომფორტი მოვიცილეთ თავიდან, როდესაც სარემონტო კომპანია დავიქირავეთ. სწორედ ისინი აგვარებდნენ ამ ერთობ მოსაწყენ და დამღლელ პროცესს.
Photo (43)
ფერები ჩვენი სახლისთვის და ერთი აგურის კედელი
როდესაც საქმე ისეთი ვიზუალური მასალის შერჩვაზე მიდგა, როგორიცაა საღებავის ფერები (შპალერი მაშინვე გამოვრიცხეთ), კაფელი, ლამინატი, განათებები და ა.შ. საქმეში ჩვენც ჩავებით და ამასთანავე დავდექით ძალიან დიდი დილემისა და პრობლემის წინაშე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დიზაინერი დაგვექირავებინა, გადავწყვიტეთ, სახლის დიზაინი საკუთარი ძალებით შეგვექმნა. ისე გამოვიდა, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღე, თუმცა საქმეში ოჯახის სამივე წევრი ჩავერთეთ. მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია. მაქსიმუმ, კაბისა და ფეხსაცმლის ფერები შემიხამებია ერთმანეთისთვის. ახლა კი მთელი სახლის დიზაინსა და ავეჯზე უნდა მეზრუნა. ათასობით ფოტო და ათობით საიტი გადავათვალიერე რამდენიმე დღეში. ტელეფონში ჩამოვტვირთე სპეციალური აპლიკაცია, რომელიც სულ ახალ და ახალ ვერსიებს მთავაზობდა, როგორც ავეჯის, ისე სარემონტო მასალებისა. ბოლოს ამ ყველაფრისგან თავზარი რომ დამეცა და თავგზა ამებნა, დავხურე კომპიუტერი და წარმოვიდგინე სახლი, სადაც სამსახურიდან დაღლილებს მოსვლა გაგვიხარდებოდა და სადაც თავს მშვიდად ვიგრძნობდით. პირველი და მთავარი, რაზეც შევთანხმდით, იყო ის, რომ სახლი აუცილებლად მყუდრო და კომფორტული უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთი მიზანი ის იყო, რომ სახლი ნათელი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი ღია ფერებზე. კედლების ძირითად ფერად რძისფერი შევარჩიეთ. ეს ფერი განსაკუთრებით კარგად ირეკლავს მზის სხივებს, გარდა ამისა, იძლევა საშუალებას, რომ ოთახები სხვადასხვა ფერის აქსესუარებით დატვირთო. ასეთივე ღია ფერი შევარჩიეთ ლამინატისთვისაც, რომელიც საბოლოოდ, ძალიან მარტივი მოსავლელი გამოდგა. ის პრობლემა, რომელსაც ნაფეხურები ჰქვია და რომელიც მუქი ფერის ლამინატის დამახასიათებელი ცუდი თვისებაა, ღია ფერის ლამინატს არ აწუხებს. და რაც მთავარია, ბევრი, არა, ძალიან ბევრი დენის წყარო. ყველა კედელზე. ყველა კუთხეში…
ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რომელიც ვფიქრობ, რომ ჩვენს სახლს განსაკუთრებით უხდება, ეს არის მისაღები ოთახის აგურის კედელი, რომელიც უბრალო, შუაზე დაჭრილი აგურით, ბლოკის კედლის გასწვრივ ამოვაშენეთ და შემდეგ ისიც რძისფრად შევღებეთ. ჭერიდან წამოსული განათებით კი მისმა ფაქტურამ ძალიან საინტერესო სახე მიიღო და ოთახს მეტი მყუდროება შესძინა. კიდევ უფრო მეტი მყუდროებისთვის, აგურის კედლის პირისპირ მუქი წითელი კუთხის ტახტი დავდგით, გვერდით კედელზე კი წიგნების დიდი კარადა დავამზადებინეთ. მგონი, რომ ეს ყველაზე მყუდრო ადგილია მთელ სახლში.
Photo (24)
კარადებში შემალული სამზარეულო და „პომადასავით გადასმული“ წითელი სკამები
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მისაღები ე.წ. სტუდიოს ტიპის ოთახია და სამზარეულოსაც აერთიანებს, იმთავითვე გადავწყვიტე, რომ სამზარეულოს კარადები უნდა ყოფილიყო სადა და დახურული. სამწუხაროდ, ისე ვერ ხერხდება, რომ კარადებში შელაგებული ჭურჭელი თუ სხვა ნივთები ყოველთვის მწყობრად ელაგოს, ამიტომ ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი დახურული კარადებია. კარადაში ჩავსვით მაცივარიც, რადგან მისაღებ ოთახში გამოდგმული ბანალური თეთრი მაცივარი ვერანაირ დიზაინში ვერ ჩავსვი. სამზარეულოს ნაწილსა და მისაღებ ოთახს ერთმანეთისგან მაღალი ე.წ. ბარი ყოფს. ბარის უკან მოვათავსე გაზქურა და ნიჟარა. ანუ, სამზარეულოს ის ნაწილები, რომლებიც ყველაზე დიდ ქაოსს ქმნის და მგონია, რომ უკეთესი იქნება, თუკი ისინი სტუდიოს ტიპის ოთახში, თვალშისაცემ ადგილს არ დაიკავებენ. რძისფერის გრადაციებში გადაწყვეტილ სამზარეულოსა და ბარს ისევ და ისევ წითელი სკამები შევურჩიე, რომლებმაც ამ ერთფეროვნებაში ერთგვარი მკვეთრი შტრიხი შეიტანა და გააცოცხლა. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა, წითელი პომადასავით გადავუსვი სახლს ეს წითელი ფერი და მე ეს მომწონს. სახლის ერთფეროვნებას „ვებრძვით“ აქსესუარებით, დიდი ფოტოებითა და მცენარეებით. ფოტოებით მომარაგებაზე ჩვენმა ფოტოგრაფმა მეგობრებმა იზრუნეს და დიდი მადლობა უნდა ვუთხრა მათ. მცენარეების ნაწილი ძველი სახლიდან წამოვიყოლეთ. ნაწილი კი ამ სახლისთვის შევიძინეთ.
Photo (41)
ხის კომოდი, რომელიც გამოგვითალეს
აუცილებლად უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა ე.წ. სველ წერტილზე, ანუ, აბაზანა-ტუალეტზე. ჩემი მთავარი მისია იყო, ის ყოფილიყო მყუდრო და თბილი. სწორედ ამიტომ შევარჩიე ხის ფაქტურის მეტლახი, რომელიც დეკორის სახით ერთ კედელსაც ავაყოლეთ. საშხაპე მარტივი და ამჟამად მოდური მინით გამოვყავით.
Photo (83)
რაც შეეხება პირსაბანს, მისი სადგამი-კომოდი, სპეციალურად დამუშავებული ხისგან დავამზადებინეთ, რომელიც საკმაოდ იაფი დაგვიჯდა და რომლის მსგავსი სადგამები მაღაზიებში თითქმის ხუთჯერ ძვირი ღირდა. რაც მთავარია, მთელ ქალაქში ვერ მოვძებნეთ ისეთი სადგამი, რომელიც ჩვენს აბაზანას მოუხდებოდა. ახლა კი მგონია, რომ მაქვს ყველაზე ლამაზი და ფუნქციურად დატვირთული პირსაბანის კომოდი.
Photo (80)
ჩვენი საძინებლები ჩვენთან
ჩემი და გიორგის საძინებელზე ფიქრისას, განსაკუთრებული ორიგინალურობა არ გამომიჩენია. ბევრი არ მიფიქრია მისი კედლების ფერების შერჩევისას. მაშინ, როდესაც კედლების ფერებს, დიზაინს საკუთარი გემოვნებით არჩევ, გაცილებით ფრთხილი ხარ. ექსპერიმენტების ჩატარებისგან თავს იკავებ. ამ გადასახედიდან, მგონია, რომ კარგად მოვიქეცი, როცა ექსპერიმენტებს თავი ავარიდე. ეს ხომ ჩემი პირველი მცდელობა იყო საკუთარი გემოვნებით და დიზაინით მომეწყო სახლი, ამიტომ მარცხის ალბათობამ შემაშინა და საძინებლის ფერებად ისევ რძისფერის ტონალობები შევარჩიე. ერთ-ერთი კედელზე კი ჩვენი მეგობრის მიერ, სტოკჰოლმში გადაღებული ერთ-ერთი ვიტრინის ფოტო ჩამოვკიდეთ. რაც მთავარია, ჩვენს საძინებელს ახლავს ე.წ. საგარდერობე სივრცე, სადაც უამრავ საჭირო თუ ნაკლებად საჭირო ნივთებს ვინახავთ და ვმალავთ.
12804497_1271738616175125_1397477318_n
მარიტა გაცილებით თამამი აღმოჩნდა საკუთარი ოთახისათვის ფერების შერჩევისას. მისი ოთახის ერთი კედელი მუქი ჟოლოსფერია. დანარჩენი სამი კედელი კი თეთრი. ეს კონტრასტი ოთახს ორიგინალურსა და გამორჩეულს ხდის და რაც მთავარია, მხიარულს. ეს მარიტას ოთახია და ის უნდა იყოს ისეთი, როგორიც მას სურს.
წილად გვხვდა ბედნიერება, ჩვენს სახლს ჰქონოდა ორი დიდი აივანი. ერთ-ერთი მათგანისთვის შევიძინეთ ხის მაგიდა და სკამები და როგორც კი დათბება, აუცილებლად ვიყიდით მცენარეებს, რომელსაც აივანზე დავდგამთ. უკვე ვიცი, გაზაფხულზე, ზაფხულის საღამოებსა და შემოდგომის თბილ დღეებში, აივანი ჩემ საყვარელ ადგილად იქცევა.
Photo (101)
ჭაღები, რომლებიც ანათებენ ჩვენ სახლს
ცალკე აღნიშვნის ღირსია განათება. განათება, რომლის შერჩევის პროცესი ალბათ ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ოთხი საათის განმავლობაში ვიბზრიალეთ ჭერისკენ თავაწეულებმა მე და გიორგიმ და ათობით ჭაღის განათება, ფერი თუ ფორმა შევისწავლეთ. გაცილებით ადვილი შესარჩევი გამოდგა საძინებლის ჭაღები. აი, რაც შეეხება დიდ ოთახს, მთავარი ბრძოლა, სწორედ მისი სანათების შერჩევისას გადაგვხდა. გარდა ე.წ. ჩაფლული სანათებისა, ეს სივრცე საჭიროებდა ორ ჭაღსა და ორ სანათს ბარის თავზე. ეს ჭაღები ჩემი გათვლით, არც ერთნაირი უნდა ყოფილიყო და არც ძალიან განსხვავებული. ან ფერები უნდა შემეხამებინა ერთმანეთისთვის ან ფორმა. ოთხსაათიანი ფიქრის შემდეგ, შავი, ჰორიზონტალური ჭაღი შევარჩიეთ სასადილოს მაგიდის თავისთვის, შინდისფერი ლითონის აბაჟური ტელევიზორის სივრცისთვის და ღია ნაცრისფერი, პატარა სანათები ბარისთვის.
Photo (49)
გაიხსენით ქურთუკის ღილები
შეიძლება ეს წერილის თავში უნდა მეთქვა, მაგრამ პირველი, რაც ჩვენს სახლში შემოსვლისას მოხვდება ადამიანს თვალში, ეს არის ქურთუკების საკიდი. დიდი ღილები. ამ ღილებს ჯერ კიდევ მაშინ დავადგი თვალი, როცა ახალი სახლი შორეულ პერსპექტივად მიმაჩნდა. როგორც კი სახლი შევიძინეთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, წავედი და ეს საკიდი ვიყიდე.
Photo (2)
ეპილოგის მაგიერ…
საბოლოოდ, ჩვენი სახლის რემონტი 38 დღეში დასრულდა. სწორედ ისე, როგორც სარემონტო კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ეწერა. წინასწარ გაწერილ ხარჯთაღრიცხვას, მხოლოდ და მხოლოდ 500 ლარით გადავაჭარბეთ. მადლობა გადავუხადე ჩვენს ხელოსნებს, დიტოს, კორნელას, თემოს, კახას, მანუჩარს, ლევანს, რომლებმაც აგვიშენეს კედელი, დაგვიგეს იატაკი, გაგვიკეთეს კარადები, ჩამოგვიკიდეს ჭაღები, დაგვიყენეს ზარი, რომელიც ასე რეკავს – დინ-დონ და ბოლოს გვითხრეს, აი, სახლი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათო და დავანგრიეთ სტერეოტიპი, რომ რემონტი დიდი ტვირთია, რომ ხელოსნები აუცილებლად განერვიულებენ, რომ წინასწარგათვლილ ბიუჯეტს რამდენიმე ათასით გადააჭარბებ…
და დავსახლდით სამნი ამ სახლში, რომელიც არის მყუდრო და რაც მთავარია, ჩვენით შექმნილი.
Photo (34)

 

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE