ინტერვიუ „არქიტექტურული პრემიის“ დამფუძნებელ ნინო ლაღიძესთან  

0

 

მე-10 „არქიტექტურული პრემია“ , რომელსაც წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დასრულდა. როგორ ჩაიარა დაჯილდოებამ და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში, ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და დირექტორს, ასევე, ჟურნალ „სტილის“ რედაქტორს, ქალბატონ ნინო ლაღიძეს.

– გვესაუბრეთ, როგორ ჩაიარა რიგით მე-10 „არქიტექტურული პრემიის“ დაჯილდოებამ?

– დაჯილდოებამ სტაბილურად ჩაიარა. ყოველი წელი, წინასთან შედარებით, არის უფრო მეტის მომტანი. შედეგებიც უფრო დიდია, რაც გულისხმობს იმას, რომ არქიტექტორები, რომლებიც იმარჯვებენ ნომინაციებში, პოტენციური დამკვეთებისთვის პოტენციური შემსრულებლები ხდებიან.

რითი გამოირჩეოდა წლევანდელი დაჯილდოება გასული წლებისგან და ვინ იყვნენ მოწვეული სტუმრები?

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებული დაინტერესება იყო სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მოსული იყვნენ წარმომადგენლები მერიიდან, საკრებულოდან, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტიდან, კულტურის სამინისტროდან, ცნობილი უცხოური კომპანიებიდან.

– ყველა ნომინაციას ჰყავს 3 გამარჯვებული, გარდა ერთი ნომინაციისა – საზოგადოებრივი ინტერიერი – რატომ მოხდა ეს?

– დიახ, იშვიათად, თუმცა, ზოგჯერ ვიღებთ ასეთ შედეგს. ეს ხდება მაშინ, როდესაც პროფესიული ჟიურის მიერ ნამუშევრების ათბალიანი შკალით შეფასებისას, თითოეულ ნომინაციაში ქულების ავტომატურად დაჯამების დროს, ვლინდება არა 3, არამედ 4 საუკეთესო ნამუშევარი (ქულებს შორის განსხვავება უმცირესია)

– თუ გამოარჩევთ პროექტს, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, რატომ?

წელს,  ყველაზე მეტად 2 პროექტი მომეწონა (და ეს არა მარტო ჩემი აზრია). პირველი პროექტი – ნომინაციაში ,,რესტავრაცია-რეკონსტრუქცია,, , რომელიც შესრულდა კომპანია „არქიტექტორი ჯი“-ს მიერ, ორბელიანების სასახლის რეკონსტრუქცია ათონელის ქუჩაზე. შენობა ძველი და ახალი არქიტეტურულ სტილთა შერწყმის ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუშია. ამ ფაქტორის გამო, პროექტმა პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

მეორე პროექტი გახლდათ ნომინაციაში – ,,ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული),, – წარმოდგენილი  ობიექტი ,,სახლი კიკეთში,,. მისი ავტორია სანდრო რამიშვილი. წარმოდგენილი რეალიზებული პროექტი აღნიშნული ნომინაციის 3 საუკეთესო ობიექტიდან ერთ–ერთია. ის გამოირჩევა დახვეწილი, თანამედროვე ფორმებით, არქიტექტონიკით და გარემოსთან აბსოლუტური სინქრონით.

ნომინაციაში “სტუდენტური პროექტი” როგორ შეაფასებდით სტუდენტების აქტიურობას და მათ ნამუშევრებს?

ჩემს დროს პროფესია არქიტექტორი ერთ–ერთ პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა, დღეს სამწუხაროდ ასე არაა – არქიტექტორი ,,დაუფასებელია,,. ამიტომ, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს  ახალგაზრდების, სტუდენტების აქტიურობას – მათ ჩართულობას მნიშვნელოვან არქიტექტურულ მოვლენებში. წლების მანძილზე, საერთაშორისო არქიტექტულურ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტებიდან, ყოველთვის გამოირჩეოდა სტუდენტურ ნომინაციაში წარმოდგენილი პროექტები, იდეის თავისუფლებით და კრეატიულობით. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი საპრიზო ფონდი მათკენ მივმართოთ და ისინი დავაფასოთ. წელს არაჩვეულებრივი ნამუშევრები იყო წინა წლებთან შედარებით.

– პროექტის პარტნიორებმა რა პრიზები გადასცეს მონაწილეებს? კომპანია „ვიტრას“ პრიზის შესახებ გვესაუბრეთ

– გენერალური სპონსორი იყო “კაპაროლი”, რომელიც დაარსების დღიდან ჩვენი ერთგული პარტნიორია და ყოველთვის უხვად ასაჩუქრებს თავის რჩეულ არქიტექტორებს. რაც შეეხება კომპანია „ვიტრას“, უკვე მეორე წელია,  ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერია. წელს კომპანია ,,ვიტრამ,, თავის ექსკლუზიურ ნომინაციაში – ,, საუკეთესო ინტერიერი “ვიტრასთან” ერთად,,  – 3 პროექტის ავტორები დააჯილდოვა: სტუდენტური პროექტის პირველ ადგილზე გასულია ნიკა ბოჭორიშვილი, წყვილი – შიხიაშვილი და ირინა სალმინა და ბათუმელი დიზაინერი ირმა კომახიძე. არქიტექტორები თურქეთში სამუშაო შეხვედრაზე გაემგზავრებიან და მონაწილეობის ხარჯებს კომპანია ,,ვიტრა,, სრულად ფარავს.

 – ნომინაცია “საზოგადოებრივი აზრი” – დაემთხვა თუ არა თქვენი გემოვნება საზოგადოების არჩევანს?

ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოების აზრს, თუმცა ,, პროფესიული ჟიურის,, შეფასება საზოგადოების არჩევანს ხშირად არ ემთხვევა. ზოგადად, როცა კონკურსში იღებ მონაწილებას და შენი გამარჯვება დამოკიდებულია ხმის მიცემაზე, ის იმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი სანაცნობო წრე ჰყავს.

– გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი ამ პროექტმა? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

– ძალიან კარგ პროექტს ვაკეთებთ მე და ჩემი კოლეგები. შევქმენით ორგანიზაცია „ქალები აშენებენ კავკასიას“, ჩავრთეთ სამხრეთ კავკასიის სხვა ქალბატონებიც. გავაკეთეთ დიდი გამოფენა, სახელწოდებით „ქალები აშენებენ (,,იქ სადაც კავკასია ევროპას ხვდება,,),,. ღონისძიება საოცრად გულისამაჩუყებელი გამოვიდა, რადგან წარმოდგენილი იყო ქალ არქიტექტორთა თაობები არქიტექტურაში. სამწუხაროდ, წინა თაობის არქიტექტრები მივიწყებულია სხვადასხვა მიზეზთა გამო. პროექტს აქვს განვითარების  დიდი პერსპექტივები, ჩვენ რეალური მოლოდინი გვაქვს, რომ მალე ის გასცდება საქართველოს ფარგლებს. მაგალითად, უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ ახლო მომავალში გამოვა აღნიშნული გამოფენის ამსახველი კატალოგი, ხოლო გერმანიაში იგეგმება სამუშაო შეხვედრების გამართვა. ერთი სიტყვით,  წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს.

  • გისურვებთ წარმატებებს!

ესაუბრა მარიამ ბოკერია

 

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE