ფოტოგრაფის გემოვნებით მოწყობილი თბილისური ბინის ისტორია – რემონტი რომელიც დროს გაუძლებს

0

სადა, თეთრი კედლები, მეტი აქცენტით ავეჯზე, სურათებსა და სხვა სახის ნივთებზე, რათა დეტალებმა შექმნას ატმოსფერო. თბილი განათება რომელიც სითეთრეს ანეიტრალებს. სივცული ბინა ავლაბარში, რომელიც გაძლევს საშუალებას არ მოექცე მოდის ჩარჩოებში და ნებისმიერ დროს მცირე დანახაჯით განაახლო ინტერიერი. საკუთარი რემონტის ისტორიაზე გაგა კაპანაძე გვესაუბრება:
387717_2611234156023_2118503638_n
– გაგა მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ?
– ჩემი ძირითადი პროფესია არის ფოტოგრაფია, რომელიც 2003 წელს დავიწყე. მაშინ ეს სფერო არ იყო პოპულარული, არ იყო სასწავლებელი და შესაბამისად ნაკლები იყო დაინტერესება. ბოლო წლებია ფოტოგრაფიით ნაკლებად ვარ დაკავებული, თუმცა ის მაინც არასდროს დაგავიწყებს თავს და ხშირად აღმოჩნდება, რომ სრულიად ექსპრომტათ მთელი სერია მაქვს შექმნილი. მე კონცეპტუალისტი ვარ, ჩემთვის მთავარია სწორად და ზუსტად გადმოვცე ჩემი სათქმელი და მედიუმს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ფოტოგრაფიით ყველაზე უკეთ გამომდის ჩემი სათქმელის მნახველამდე მიტანა. დღეს ძალიან ბევრია დაკავებული ფოტოგრაფიით, ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველასათვის ხელმისაწვდომი და მარტივი გახადა ამ საქმით დაკავება, შესაბამისად კიდევ უფრო რთულია გააკეთო რაღაც, რაც იქნება სიახლე, დროული, აქტუალური და საინტერესო. ამიტომ ხანდახან უფრო მეტი სტიმული გაქვს ფოტოგრაფს, რომ მეტი იფიქრო, მეტი იმუშაო, კარგად დაგეგმო და ეცადო მნახველისთვის ახალი და საინტერესო გამოსახულებები შექმნა. ფოტოგრაფიას ყოველთვის ექნება თავისი ფუნქცია რეპორტაჟში, დოკუმენტალურ ფოტოგრაფიაში,სპორტში, მოდაში, რეკლამაში, მეცნიერებაში, კრიმინალისტიკაში ა.შ. მაგრამ კიდევ უფრო რთული გახდა შეუნარჩუნო ფოტოგრაფიას ადგილი ხელოვნებაში, გამომდინარე იქედან, რომ იმდენი ფოტოგრაფი არსებობს და იმდენი ნამუშევარი იქმნება ყოველდღიურად, რთულია უკვე დამთვალიერებლის თვალში აქტუალობა შეუნარჩუნო შენს ნამუშევრებს სწორედ ამიტომ არის კიდევ უფრო მეტი შრომა და ფიქრი საჭირო.
უკვე 5 წელია რაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მედია-სტუდიის მენეჯერი ვარ. მოვღვაწეობ ვიზუალურ ხელოვნების სფეროში, რომელიც მოიცავს ვიდეო-გადაღებას, ფოტოგრაფიას, დიზაინს ა.შ.
32
-თქვენი ბინის რემონტის დროს რა იყო თქვენი ძირითადი მოთხოვნა?
– ჩემი ერთ-ერთი მთავარი სურვილი იყო ის, რომ ბინაში მქონოდა სივრცე. სწორედ ამიტომ იგი გადავაკეთე სტუდიოს ტიპის ბინად, როდესაც შედიხარ პირდაპირ ხვდები სასტუმრო ოთახში და გაქვს განცდა იმისა, რომ ბინაში უფრო დიდი სივრცეა.
ამის მისაღებად საძინებლებს და მისაღებ ოთახს გავუცვალე ადგილები. ამით გაუქმდა დერეფანი და ყველანაირი ჩამკეტი კედელი. შედეგმა გაამართლა, ბინაში შესვლისთანავე გაქვს განცდა, რომ გაშლილი სივრცეა.
2
– რამდენი კვადრატულია?
– 80 კვადრატულია აივნების ჩათვლით.
7
– თქვენი იდეის განხორციელებაში დაიხმარეთ თუ არა დიზაინერი?
– დიახ,დავიხმარე ორი დიზაინერი. ლელა შაბურიშვილი და თაკო უნდილაშვილი. მე არ ვიცოდი რამდენად შესაძლებელი იყო ჩემი იდეის (საძინებლების და მისაღების გადაადგილების) განხორციელება, ამიტომ მივმართე ლელას. შეიქმნა საერთო დიზაინი, მიუხედავად ბევრი პრობლემებისა ლელამ შესძლო და ბინა გადააკეთა ისე, როგორც მე მომწონდა. შემდეგ, როდესაც ავეჯის დრო დადგა, მივმართე თაკოს. თაკოსთან ერთად ცოტათი მოგვიწია ტიხრების შეცვლა გეგმაში, რომ ზუსტად ჩამჯდარიყო ყველაფერი, რაც დაგეგმილი გვქონდა. სანამ ტიხარს გააკეთებ აუცილებლად უნდა იცოდე სად რისი გაკეთება გსურს.
დო ი პოსლე
– როგორ ფიქრობთ რითია თქვენი ბინა განსხვავებული?
– არ ვიცი რამდენად განსხვავებულია, მაგრამ ვინც ნახავს ყველა გამოხატავს აღფრთოვანებას. თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ბინაში არანაირი მუქი ფერი არ იქნებოდა. ალბათ ამითაც არის ჩემი ბინა განსხვავებული.
22
-ფერები ძირითადად ღია და სადაა, თეთრი სამზარეულო რამდენად პრაქტიკულია?
-როგორც უკვე აღვნიშნე, არ მინდოდა მუქი ფერების გამოყენება, კედლები გავაკეთე თეთრი, რაზეც ყველამ მირჩია, რომ ცოტათი დამეთბო და რძისფერი მაინც გამკეთებინა. თუმცა მე წავედი ბოლომდე რისკზე. ჩემი იდეა იყო,რომ ფერს ან შპალიერს არ შეექმნა ბინის დიზაინი. კედლები უნდა ყოფილიყო სადა და შემდეგ ნივთებს ავეჯს, სურათებს, ჩარჩოებს და დეტალებს შეექმნათ ატმოსფერო. ასევე მნიშვნელოვანია განათება: მთელს სახლში გამოვიყენე თბილი ფერის განათება თეთრ შუქებში, რამაც ძალიან დაათბო სახლი და საერთოდ აღარ გაქვს იმის განცდა, რომ კედლები თეთრია, ცივია, სტერილურია ა.შ. ასევე ჩემი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ავირჩიე თეთრი ფერის, სადა კედლები იყო ის, რომ მგონია ეს სტილი უფრო გაუძლებს დროს. ანუ მე ყოველთვის შემეძლება მომავალში ჩემ ჭკუაზე შევცვალო ინტერიერი,ხოლო შპალიერის, ან რაღაც დეკორების შემთხვევაში, შენ ყოველთვის გაქვს კონკრეტულად იმ წლის და იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სტილი, ანუ ის რაც იმ წუთას მოდაშია და ტენდენციურია. მახსოვს ადრე სახლში გავაკეთეთ ორ ფერად გაყოფილი აბაზანა, შუაში წვრილი დეკორი, რომ ყოფდა. გავიდა 1-2 წელი და თბილისის ყველა სახინკლეში ესეთი ტუალეტები გააკეთეს. ამიტომ ყოველთვის ვერიდები რაღაც გამოკვეთილი დიზაინით კედლების გაკეთებას.
რაც შეეხება სამზარეულოს, თავიდან მინდოდა სულ თეთრი, მაგრამ შევურიე მუხის ხის ფაქტურა, რომ მთელი მისაღების ავეჯი ერთ სტილში ყოფილიყო. ერთი შეხედვით არ ჩანს პრაქტიკული და ერთგვარი რისკიც იყო, თუმცა ჯერ-ჯერობით ძალიან პრაქტიკულია, რადგან ეს თეთრი მასალა სწორად მაქვს შერჩეული და ჭუჭყს იტანს.
44
-სად შეიძინეთ ავეჯი?
-მე არ მიყვარს გამზადებული ავეჯი. ვთვლი, რომ ავეჯი უნდა მოარგო შენ ბინას. დიზაინერ თაკო უნდილაშვილთან ერთად გავაკეთეთ დიზაინი მთავარი ავეჯის, ანუ რასაც უნდა მოეხდინა პირველი შთაბეჭდილება ბინაში შესვლისას. მე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა TV-სტენდი, რომელიც გავაკეთე დახურული. ავეჯის მასალაც პირადად შევარჩიე, მინდოდა ხის ფაქტურით. მასალა არის თურქული, რომელიც ძალიან ჰგავს ხეს, დავუკავშირდი ავეჯის ხელოსანს და ჩემი დიზაინის მიხედვით დამიმზადა.
– სწორედ შერჩეული დიზაინერის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა რემონტის პროცესში?
– ძალიან მნიშვნელოვანია ვინ არის შენი დიზაინერი. თაკოსთან ურთიერთობა ძალიან მომეწონა ერთი მთავარი მიზეზით: ის ჯერ გისმენს, გალაპარაკებს, ეცნობა შენს გემოვნებას, თუ რაიმეში არ დაეთანხმები, არ გეკამათება. ამით ცდილობს დაგაკვირდეს, სრულად შეგისწავლოს და შემდეგ შენს გემოვნებას მოარგოს დიზაინი. სწორად ამ თვისების გამო მოხდა, რომ ტვ სტენდის პირველივე სამუშაო ფაილი დავამტკიცეთ. საბოლოოდ სწორედ ეს ტვ-სტენდი გახდა ამ ბინის მთავარი მახასიათებელი, ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათი.
17
– რა იყო მთავარი სირთულე ბინის რემონტის დროს?
– სირთულე იყო უამრავი. მაგალითად მე ავირჩიე გათბობის სექციური სისტემა, ანუ იმ შემთხვევაში თუ გათბობა არ მეყოფოდა დამატების საშუალება მექნებოდა თუმცა აღმოჩნდა, რომ გაყვანილობის ხელოსნებს არასწორად დაუყენებიათ სექციები. იმ მხარეს აქვთ გაკეთებული ჩამკეტი საიდაც სწორედ მოხდებოდა დამატებითი გათბობის ჩამატება. გამოვიდა, რომ სექციური გათბობის ხარჯი ტყუილად გავიღე და რამე, რომ იყოს დამატებასაც ვეღარ შევძლებ.
პრობლემა ასევე იყო მეტლახი, რომელიც აღმოჩნდა გაღუნული. არადა ვიყიდე როგორც ნამდვილი ესპანური და არ ღირდა იაფი! რემონტის დასრულების მერეც ძალიან ბევრ პრობლემას წაავაწყდი და მისი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. არ არსებობს დაასრულო რემონტი და შემდეგ არ მოგიწიოს პრობლემებთან გამკლავება. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დრო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მყავდა პრარაბი, მაინც ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც შენ უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა მოიფიქრო, შენ უნდა შეარჩიო და იყიდო. როგორც, კი ცოტა ყურადღებას მოაკლებ შენს ბინას რემონტის მსვლელობის დროს, შემდეგ აღმოაჩენ, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც გინდოდა.
18
– ყველაზე მეტად ბინაში, რომელ დეტალს გამოარჩევდით რომელიც განსაკუთრებით მოგწონთ?
– გამოვარჩევდი TV-სტენდს და წიგნების თაროს რადგან პირველ ეფექტს სწორედ ის ახდენს. მომწონს ასევე ფერები და აბაზანა, რომელიც არის მთლიანად თეთრი, არის საკმაოდ მაღალი ჭერით. აბაზანის და საძინებლის კარებიც ძალიან მომწონს.
8
15
– ახლა რომ იწყებდეთ რემონტს, პირველი რას შეცვლიდით?
– რა თქმა უნდა უნდა გათბობის სისტემას გავაკეთებდი ისეთს როგორიც მინდოდა. აუცილებლად გავაკეთებდი კოლექტორულ გათბობას მეტალო-პლასტმასის მილებით.
– რემონტი რა თანხა დაგიჯდათ?
დაახლოებით დამიჯდა 30 000 ლარი, რაც 80 კვადრატული ბინის პირობაზე საერთოდ არ არის ძვირი. ვთვლი, რომ არის რაღაცეები, რაზეც შეგიძლია თანხის დაზოგვა, მაგალითად ეს ძალიან ლამაზი თეთრი განათებები 8 ლარი ღირდა. მაგრამ არ უნდა დაზოგო ფული იმაზე, რაც ხანგრძლივია. მაგალითად ონკანი, გათბობის სისტემა, გათბობის ქვაბი, ტექნიკა, იატაკი, კედლების დამუშავება ა.შ.
13
– რა რჩევას მისცემდით მათ ვინც ახლა იწყებს ბინის რემონტს?
– უპირველესი რჩევა რაც მინდა გაითვალისწინონ არის ის, რომ არასოდეს არ დაიწყონ ბინის რემონტი სპონტანურად, აუცილებლად წინასწარ უნდა დაგეგმონ და არ დაზოგონ თანხა დიზაინერზე, რადგან თუ დიზაინზე დაზოგავ ფულს, შემდეგ უკვე უფრო მეტის გადახდა მოგიწევს იმის გამოსასწორებლად რაც არასწორად გამოვიდა. არ გაიყვანონ ელექტრო-გაყვანილობა მანამ, სანამ ზუსტად არ ექნებათ ბინის ნახაზი თავისი ავეჯით. გირჩევთ გამოიყენოთ მეტალო-პლასტმასის მილები გათბობის გაყვანილობის დროს, რადგან ნაკლები გადაბმა აქვს და შანსი იმისა, რომ სადღაც წყალი (მაგალითად იატაკში) გაჟონავს ძალიან მცირეა. ასევე ყველას ვურჩევდი, რომ ნუ აირჩევენ მყვირალა ინტერიერის სტილს, რადგან გარდა იმისა, რომ თავად მალე მობეზრდებათ, ასევე მალე გადავა ე.წ. მოდიდან. რემონტის დროს სჯობს სისადავე, რათა მერე თავად შექმნა საკუთარი ატმოსფერო, შენივე იდეებით.

– გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის! გისურვებთ წარმატებებს!
ესაუბრა: მარიამ ბოკერია.

საძინებლების ინტერიერი
5
4
66

სამზარეულო
55
14
16

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE