10 რამ თქვენი ბინის დიზაინში, რაც სასტიკად მოძველდა

0

მრავალიარუსიანი ჭერი და კუპე-კარადები უკვე გადავიდა მოდიდან. ახლა უპირატესობას უბრალოებასა და ეკოლოგიურობას ანიჭებენ. ჩვენ შევაგროვეთ ბინის ინტერიერისთვის დამახასიათებელი ის 10 რამ, რაც სასტიკად მოძველდა და გათანამედროვებას საჭიროებს.
რთული ჭერი

დიზაინერები ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში მრავალიარუსიანი ჭერი სათანადო განათებებით ძალიან მოძველდა და ამ რთული კონსტრუქციის ნაცვლად მოდაში დაბრუნდა უბრალო ჭერი.
ნიშები და თაღები


მხატვრული თაღები და თაბაშირ-მუყაოს ნიშები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ინტერიერი მოძველდა. ამჟამად ინტერიერის დიზაინერები უპირატესობას ანიჭებენ კვადრატული ფორმის უკარო გასასვლელებს, ხოლო ზონირებისთვის ისეთ კონსტრუქციებს, როგორიცაა მხატვრულად დამუშავებული ლითონის პანელები.
ავეჯის კედელი


კედლის დიდი კარადების ნაცვლად კი, დიზაინერები იყენებენ ლაკონიურ კარადებს და ტუმბოებს.
ფოტოშპალერი


რაოდენ მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ფოტოშპალერი ინტერიერის სურათებში, დიზაინერები მის გამოყენებას აქცენტურ კედლად არ გვირჩევენ და ვარსკვლავიანი ცის ან ყვავილების ფონის ნაცვლად, კედლის სადად შეღებვას და დეკორატიული ნივთებით გაფორმებას ანიჭებენ უპირატესობას.
კუპე-კარადა


რადგან უბრალოება ტრენდია, ამიტომაც დიზაინერები კუპე-კარადების მაგივრად ფართოკარებიანი კარადების შეძენას გვირჩევენ.
ავეჯის კომპლექტი


ავეჯის ნებისმიერი კომპლექტი, თუნდაც საძინებლის გარნიტურა ერთ სტილში – დღეისათვის ტრენდული არ გახლავთ. დიზაინერები განსხვავებული ტიპის ავეჯის ანსამბლზე აკეთებენ აქცენტს.
შპალერი მთელი ოთახისთვის


თანამედროვე დიზაინერები არამოდურად თვლიან ერთნაირ შპალერს მთელი ოთახისთვის. როგორც წესი, განსხვავებული და აქცენტური უნდა გახდეს კედელი, რომელსაც ოთახში შესვლისთანავე ვხედავთ.
საშხაპე კაბინები

რთული კონსტრუქციის საშხაპე კაბინებიც მოძველდა და მათი ადგილი შუშის მარტივმა კონსტრუქციამ დაიკავა, კარგად გამართული სანტექნიკით.
კომპიუტერის მაგიდა


დიდი ზომის კომპიუტერის მაგიდები, დისკების შესანახი თაროებით, წარსულში დარჩა და მათი ადგილი მცირე ზომის მაგიდებმა დაიკავა, თაროებმა კი (უმეტესად, დახურულმა) სამუშაო ზონის ზედა ნაწილში გადაინაცვლა.
სამზარეულოს რბილი კუთხე


მძიმე კუთხოვანი კომპლექტები სამზარეულოში შეცვალა მოსახერხებელმა სკამებმა და დაბალმა მაგიდამ, რომელიც კვებისას საკმაოდ უპრობლემოა.
თუმცა! ინტერიერის ნებისმიერი დიზაინის შემთხვევაში, მთავარია, სახლში იყოს მასში მაცხოვრებლებისთვის სასიამოვნო გარემო, დანარჩენი – თქვენი არჩევანია.