როგორ განვაახლოთ ძველი ნივთები საკუთარი ხელით – ლელი შევჩენკოს მასტერკლასი

0

ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი თემა ბავშვებთან მუშაობაა.პატარებთან ურთიერთობისას, მათი თვალით ვუყურებ სამყაროს, ბევრ რამეს უფრო ფერადად და საინტერესოდ ვხედავ.

11127208_970992852920394_543010562_n

ლელი შევჩენკო
არქიტექტორი/დიზაინერი/დეკორატორი

100-ამდე რეალიზებული პროექტის ავტორი
2013-2014 წ.წ. – საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული, ნომინაცია – საუკეთესო  ინტერიერის პროექტი.
Tel: +995 599 14 70 75  Email: leli.shevchenko@mail.ru

ბავშვთა ფსიქოლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერთა პალიტრას, განათებას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უშნო ავეჯს, ნივთებს, არასწორ განათებას სერიოზული შიშებიც კი გამოუწვევია. ზედმეტად აქტიური ფერების გამოყენებით კი, შეიძლება ბავშვების გონებრივი აგზნება და აფორიაქება გამოვიწვიოთ.
პატარებს ხომ უსაზღვრო ფანტაზია გააჩნიათ და მათთვის პირადი ბავშვური ასოციაციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არსებული რეალობა. ამიტომ, მუშაობისას, მაქსიმალურად ვფრთხილობ და მეგობრული საუბრების საშუალებით, ვეცნობი მათ გემოვნებას, ზედმეტად არ ვერევი ფანტაზიებში და უბრალოდ, ვეხმარები ოცნებების რეალობად ქცევაში.
გადავწყვიტე, პატარა მარიკუნას ოთახი მისივე გემოვნებით მომეწყო. გავეცანი, თუ რა ფერის გარემოში გრძნობს თავს კარგად, როგორი ნახატები მოსწონს, როგორ სიზმრებს ხედავს, რომელი პერსონაჟების ნახვა აყენებს კარგ ხასიათზე ა.შ. შევიარაღდი შესაბამისი ხელსაწყოებით და დავიწყე მუშაობა. დამჭირდა:
• გუაშის საღებავი
• ფუნჯები
• პალიტრა – ზედაპირი, რომელზეც ფერები უნდა გამეზავებინა
• ფანქარი
• მუყაოს რამდენიმე დაფა – მოსახატად
• თეთრი საღებავი
აგარაკის ხის სახლის 2 ოთახს აკავშირებდა ფანჯარა, რომელიც უფუნქციოდ იყო დარჩენილი და პატარას აშინებდა, თავისი უშნო ფორმებით.
1
რადგან ფანჯრის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო და მინები ფაქტობრივად აღარ ჰქონდა, გამოვიყენე მუყაოს ზედაპირები. კომპოზიცია ფანქრით მოვხატე (ბავშვის ოთახში უსაფრთხოება გასათვალისწინებელია, ამიტომ მინა რეკომენდირებული არ არის).
2
ჩარჩო შევღებე თეთრი საღებავით (ერთი დღე დასჭირდა გაშრობას). შემდეგ, ფანქრით მოხატული მუყაოს ნაჭრები ჩავსვი ჩარჩოებში. ბოლოს კი, დავფერე. რადგან ფანჯარა ფერადად მოვხატე, ოთახის კედლები ღია კრემისფერში გადავწყვიტე. ძირითადად, მხიარული ფერები გამოვიყენე, რომელიც კედლის მშვიდმა ფერმა დააბალანსა.
portret
მარიკუნას ძალიან უყვარს მზე, მინდვრები, გვირილები და მხიარული სახლები და შეჰხარის თავის ჯადოსნურ სარკმელს.
masho 2
ძველი ფანჯარა რესტავრაციამდე და რესტავრაცის შემდგომ
before-after
ძველი სკივრი, რომელიც გოგონას ოთახში იდგა
3
მარიკუნამ მითხრა, რომ მოსწონს ლაჟვარდისფერი და წყლის სამყაროს ამსახველი ნახატები. ამიტომ, ამ სკივრზე წყლის ბინადრებისა და გარემოს დახატვა გადავწყვიტე.
ფერთა ფსიქოლოგიაში მიიჩნევა, რომ ლაჟვარდისფერი და ცისფერი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს, ეხმარება აზრების კონცენტრაციასა და ყურადღების გამახვილებაში, ასტიმულირებს ახალი იდეების შექმნას, ბავშვებს ეხმარება შიშის დაძლევაში. თუმცა, მათი დიდი დოზით გამოყენება იწვევს მოწყენილობას, ამიტომ სკივრის დანარჩენი, ძირითადი ნაწილი მწვანე ფერით დავფარე. მწვანე ფერიც დამაწყნარებლად მიიჩნევა, ნორმაში მოჰყავს ნერვული სისტემა, ხსნის ნეგატიურ განწყობას და ბადებს ბუნებასთან კონტაქტის შეგრძნებას.
portret2
სკივრი გავწმინდე, ზედაპირი ერთგვაროვანი გავხადე, მოვხატე ნახშირით და შემდეგ დავიწყე ფერებში მუშაობა.
before-after2
მარიკუნას შეუყვარდა ამ სკივრზე ნებივრობა.
masho
ესეც პატარა კარადა. ზედაპირი ისევ თეთრი დავტოვე, უბრალოდ, მარტივად მოვხატე, რომ გამეხალისებინა.
ai ase
საერთო ჯამში, პალიტრა ასე გადავანაწილე: ლაჟვარდისფერ-მწვანე ფერებში გადაწყვეტილი სკივრი, მზისფერ-ლურჯ ფერებში შექმნილი ფანჯრის კომპოზიცია და თეთრი, პატარა კარადა მარტივი ნახატით. ამ ფერადოვნებას აბალანსებს ღია კრემისფერი კედლები.
მარიკუნას თავისი ოთახი მოსწონს, უხარია ახლებურად შექმნილი გარემო. მე კი, თავს უფლებას ვაძლევ, მშვიდად დავისვენო, დავლიო ყავა და ახალ იდეებზე ვიფიქრო.
fianl

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE