ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ და თეატრის მხატვარ-დეკორატორ ლელი შევჩენკოსთან

0

პროფესიით არქიტექტორი, ინტერერის დიზაინერი და თეატრის მხატვარ-დეკორატორი ლელი შევჩენკო უშუალოდ არქიტექტურასა და დიზაინში 2006 წლიდან მუშაობს, მანამდე კი გამოცდილება თეატრის მხატვრობაშიც აქვს. ინტერიერის დიზაინერის გამოწვევებსა და საკუთარი პროექტების შესახებ ლელი თავად გვესაუბრება:
მოგვიყევით თქვენს მიერ განხორციელებულ პირველ პროექტზე
პირველი განხორციელებული არქიტექტურული პროექტი, ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინა გახლდათ.(ნუცუბიძეზე 45კვ.მ ფართი). გამოვიდა ის, რაც ჩანაფიქრში მქონდა. სივრცე კომპაქტური ავეჯითა და კარადებით მაქსიმალურად ავითვისეთ.  არ იგრძნობოდა სივიწროვე და კარგი, შემოქმედებითად საინტერესო განწყობა შეიქმნა.  მიღებული შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა, მათ შორის მეც.
თქვენი ყველაზე წარმატებული პროექტი
ბოლო პერიოდში რეალიზებული პროექტებიდან ავერსის კლინიკის ისნის ფილიალს გამოვყოფდი. ასევე ქიქოძეზე მდებარე ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინას და მცირე მასშტაბის საოჯახო სასტუმროების კომპლექსს ბორჯომის ხეობაში, რომელიც დასრულებისკენ მიდის.
კიდევ არის რამდენიმე პროექტი, რომელიც ძალიან მომწონს. ეს სამი პროექტი იმიტომ გამოვყავი , რომ რადიკალურად განსხვავებული თემატიკაა და სხვადასხვა ამოცანები იყო გადასაწყვეტი, გამოცდილებაც განსხვავებული მომცა.
რატომ უნდა დავიქირავოთ სახლის რემონტისას ინტერიერის დიზაინერი?
როცა ადამიანს უნდა, მასისგან განსხვავებულად, ინდივიდუალურად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს, მიმართავს ტანსაცმლის დიზაინერს და თავის სტილს მასთან ერთად ქმნის, ხომ ასეა? – სივრცეზეც იგივე შეიძლება ითქვას: პროფესიონალს უნდა მიანდოთ, რომ „ჩაგაცვათ“ და „მოგარგოთ“.
სხვათა შორის, ქართველი მომხმარებელი  საკმაოდ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა და ხანდახან სახლის მოწყობისას საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით შეიძლება  საინტერესო გადაწყვეტასაც მიაგნოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსები მაინც გაეპარება.
ასევე ხშირად ხდება, რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცეები მოსწონს და საბოლოოდ, ქაოსურ, დაულაგებელ სივრცეს ქმნის. არქიტექტორს კი უამრავი შემოქმედებითი ხერხი და ტექნიკური ცოდნის ბაზა გააჩნია, ამიტომ სჯობს, სივრცის მოწყობა პროფესიონალს მიანდონ – ამით  პირველ რიგში ძალიან ბევრ წვრილმანზე ნერვიულობას თავიდან აიცილებენ და მიიღებენ ყველასგან გასხვავებულ, სტილისტურად გამართულ, დალაგებულ დიზაინს.
რთულია სახლის მეპატრონეებთან მუშაობა? რატომ? 
პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს ძალიან საინტერესო პროცესია. არქიტექტორსა და დიზაინერზე ვამბობ ხოლმე, რომ გარდა შემოქმედებითისა, ფსიქოლოგისა და მსახიობის პროფესიებსაც მოიცავს. დიზაინერი ხვდება ადამიანებს, ეცნობა, სწავლობს მათ განწყობას, ხასიათსა და ფსიქიკას – ფსიქოლოგივი , შემდეგ კი როგორც მსახიობი, ცდილობს „შევიდეს სხვის ტყავში“ და ამა თუ იმ ადამიანის შინაგანი განწყობა გაითავისოს. ყოველივე ამის შემდეგ ფანტაზიასა და შემოქმედებით უნარებს რთავს, რათა კომფორტული გარემო შექმნას.
არქიტექტორების მუშაობის ორი პრინციპი არსებობს: ერთნი თვლიან, რომ რაც მათ ფანტაზიაში შეიქმნება, დამკვეთმა უპირობოდ უნდა მიიღოს და ჩარევის საშუალებას ნაკლებად აძლევს. ხოლო მეორე კატეგორიის არქიტექტორისთვის მისაღებია, დამკვეთთან ერთად „გამოძერწოს“, შექმნას და „მოარგოს“ სივრცე, როგორც ტანსაცმელი. ჩემი პოზიცია დაკვეთის ტიპოლოგიაზეა დამოკიდებული. თუ კერძო სივრცეზე ვმუშაობ, მაგალითად საცხოვრებელ სახლსა და ბინაზე, სამუშაო ოფისზე, ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ დამკვეთთან ერთად უნდა ვიმუშაო, მაქსიმალურად „მოვარგო“ სივრცე მათ. ხოლო თუ საქმე ეხება პროექტს, რომელიც კულტურის ძეგლებს ან თბილისის ისტორიულ უბნებს მოიცავს, მაშინ პასუხიმგებლობის გრძნობა კიდევ უფრო მაღალია და დამკვეთის ინტერესებთან ერთად ვფიქრობ.
მაგალითად „მეიდან ჯგუფში“ მუშაობისას სხვადასხვა ურბანულ და ტურისტული ხაზის განსავითარებელ პროექტზე მუშაობა მიწევდა (შარდენი, ბამბის რიგი, მეიდანი, ლეღვთახევი და ა.შ. ძველი თბილისის სხვადასხვა მონაკვეთი). ამ შემთხვევაში ვფიქრობდი არა მხოლოდ დამკვეთის ინტერესებზე, ასევე ქალაქის განვითარების ხაზზე.
ზოგადად მშენებლობა და რემონტი სტრესთან დაკავშირებული პროცესია. ამ დროს ადამიანები ღელავენ, ეჩქარებათ, უნდათ ყველაფერი იდეალურად იყოს და ზოგჯერ სიტუაციებს გამძაფრებულად აღიქვამენ. ასეთ დროს რა თქმა უნდა, სხვადასხვა სირთულე იჩენს თავს, კონფლიქტურ სიტუაციებიც კი იქმნება, მაგრამ არქიტექტორი დამკვეთს სწორედ ამის დარეგულირებაში ეხმარება. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა, სადაც არქიტექტორმც და დამკვეთმა საერთო ამოცანა – სივრცის შექმნა და განხორციელება – ერთად უნდა შეასრულონ.
ვფიქრობ, სახლი ყოველთვის მეპატრონის ხასიათზე უნდა მეტყველებდეს? რამდენად რთულია შექმნათ პროექტს, რომელშიც სხვა ადამიანის ინდივიდუალიზმი უნდა გამოიხატებოდეს?
რა თქმა უნდა, სახლი ყოველთვის მეტყველებს მეპატრონის ხასიათზე, ჩვევებზე, ღირებულებებზე, სოციალურ სტატუსზე საზოგადოებაში. საკმაოდ საპასუხიმგებლო და რთულია სივრცის შექმნა, მაგრამ როდესაც არქიტექტორისთვის ნაგებობა არ არის მხოლოდ ცივი კედლები და გულით მუშაობს, ადამიანის განწყობასა და ფსიქოლოგიას, ბუნებრივ პირობებს ითვალისწინებს, მაშინ სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესოა.
მსახიობებს ერთი ფრაზა აქვთ-„ არ არსებობს დიდი და პატარა როლები, არსებობენ მხოლოდ დიდი და პატარა მსახიობები“. იგივე შემიძლია ვთქვა დიზაინზეც: არ არსებობს საინტერესო და უინტერესო სივრცე, არსებობს მხოლოდ საინტერესო და უინტერესო დიზაინი.
რამდენად ითვალისწინებთ მოდის ტენდენციებს?
მოდის ტენდენციებს ინტერიერის დიზაინში არ ვცნობ, ვაღიარებ მხოლოდ დიზაინის მიმართულებებს, იმიტომ რომ დღეს შეიძლება „მოდაში შემოვიდეს“ სტილი Loft, ხვალ კი კლასიკა, სივრცეს კი ასე უცებ ვერ შეცვლი, რადგან მშენებლობასთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული.
სწორედ ამისთვისაა საჭირო დიზაინერი და არქიტექტორ. ის ზუსტად განსაზღვრავს, რომელი სტილია უფრო მისაღები, რეალობასთან ახლოს განხორციელების თვალსაზრისით და დამკვეთს არგებს.
მაგალითად შევედი თუ არა ქიქოძეზე მდებარე სახლში, თვითონ ბინამ „მიკარნახა“, რომ ინტერიერი სკანდინავიურ სტილში უნდა გადაწყვეტილიყო: მაღალჭერიანი, მაღალფანჯრებიანი სივრცე, ეზოში გამწვანებით. სახლი ანტრესოლის შექმნის საშუალებასაც გვაძლევდა.  ასეთ სივრცეებს სკანდინავიური სტილი ძალიან უხდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დამკვეთისა და ჩემი ხედვა სრულიად დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომაც გამოვიდა წარმატებული პროექტი.
ავერსის კლინიკის პროექტზე მუშაობისას არჩევანი მინიმალიზმზე შევაჩერე, რადგან ყველანაირი ფსიქიკისა და განწყობის ადამიანს ერგება.
არის რომელიმე კონკრეტული სტილი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ?
ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ყველანაირი სტილია მისაღებია, მთავარია საპროექტო ადგილს ერგებოდეს. თუმცა, პრინციპულად არ ვმუშაობ კლასიკურ სტილზე, რადგან ბიუჯეტიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, კლასიკის ნაცვლად უგემოვნო ეკლექტიკა გამოდის, რასაც ჩემს პრაქტიკაში ვერ დავუშვებ.
რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა ინტერიერის დიზაინის შექმნისას?
ყველაზე დიდი სირთულე ჩნდება მაშინ, როდესაც დამკვეთის გემოვნება და ფინანსური შემოსავალი თანხვედრაში არ მოდის, მაგრამ თუ სწორ მენეჯმენტს მოვიშველიებთ, ესეც მოგვარებადი პრობლემაა.
როგორ ავიცილოთ თავიდან სახლის მეპატრონის უკმაყოფილება?
პირველ რიგში, კლიენტი ჩემთვის ის პიროვნებაა, რომელსაც პატივს ვცემ  და ვსწავლობ მისგან, როგორც ადამიანი. შემდეგ კი ვცდილობ მისი სურვილები და საჭიროებები სწორად განვსაზღვრო. ძალიან მნიშვნელოვანია, თავად იცოდეს რა სურს. ორივე მხარეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მიუხედავად სტრესული სიტუაციებისა, ყველაფერი ადვილად მოგვარებადი მაშინ ხდება, როდესაც ორივე მხარე საქმეს რაციონალურად უდგება.
ყოველთვის აღვნიშნავ, რომ გამიმართლა და ძალიან კარგი დამკვეთები მყავდა და მყავს,- პიროვნულად საინტერესო, მრავალმხრივი, მაღალი ინტელექტისა და შეგნების ადამიანები არიან და ადამიანური თვალსაზრისით ბევრს ვსწავლობ და მისწავლია მათგან, რისთვისაც მადლობელი ვარ.
რას ანიჭებთ უპირატესობას – პრაქტიკულობას თუ ვიზუალს?
ორივე ერთად, ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნავდი. სივრცე პრაქტიკული თუ არ არის, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, ადამიანი თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს; ხოლო თუ ვიზუალი საინტერესო და ლამაზი არ გამოვიდა, ესთეტიურ სიამოვნებას და დადებით განწყობას ვერ მიიღებს.
რა არის ის მთავარი ამოცანები/კითხვები, რომლებსაც სახლის მეპატრონეებს მათივე საჭიროებების ამოსაცნობად უსვამთ?
ვიწყებ ზოგადი, გაცნობითი სახის კითხვებით, რომელიც შესაძლოა დამკვეთს აბსტრაქტულადაც კი მოეჩვენოს. ამის საშუალებით გონებაში ზოგად პორტრეტს „ვხატავ“, ვსწავლობ მათი ცხოვრების რეჟიმს,  კითხვებს ყოველდღიურ, ყოფით ჩვევებზეც ვუსვამ, ამის შემდეგ კი ხასიათიდან გამომდინარე კითხვარ-ტესტებს ვარჩევ და მათ შევსებას ვთხოვ. ასევე ვეცნობი მათთვის საინტერესო მასალებს, რა ტიპის პროექტები მოხვედრიათ თვალში, უნახავთ ფილმში და ა.შ.
თუკი სახლის მეპატრონე რაღაცით უკმაყოფილო რჩება, ამ დროს როგორ იქცევით?
მაქსიმალურად ვცდილობ , მეპატრონე კმაყოფილი იყოს და მისთვის შექმნილ სივრცეში თავი კომფორტულად იგრძნოს.
ამ ეტაპზე რა სახის პროექტებზე მუშაობთ?
ამ ეტაპზე პარალელურად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ. ერთმანეთისგან განსხვავებული თემატიკის სივრცეებია: სილამაზის სალონი, ესთეტიკის ცენტრი, საავადმყოფოს საბავშვო განყოფილება, კერძო საცხოვრებელი სახლები და ბინები.
რა სახის პროექტებზე მუშაობას გეგმავთ?
ხელოვან და დიზაინერ მეგობრებთან – ნატალი ზურაბიშვილსა და სოფო ბეიტრიშვილთან ერთად დიზაინის სტუდია დავაფუძნე.  ჩვენი ოფისი ლესელიძეზე მდებარეობს, რომლის ოფიციალურ გახსნასაც მაისის თვის ბოლოს ვგეგმავთ. გვექნება მრავალფეროვანი სერვისი, ასევე მოლაპარაკება გვაქვს დიზაინის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან და საბოლოოდ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. დანარჩენ დეტალებს კი სასიამოვნო სიურპრიზად დავტოვებთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
http://www.lelishevchenko.info/
https://www.facebook.com/leli.shevchenko/
lelishevchenko777@gmail.com

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE